ჟურნალი ნომერი 5 ∘ სალომე ერისთავი ენდი უორჰოლის შემოქმედება – სატირული კომედია „ახალ გმირებზე““დიდება არ არის მცენარე, რომელიც მკვდარ ნიადაგზე იზრდება”
ჯონ მილტონი, დაკარგული სამოთხე
მეოცე საუკუნეში კონსიუმერული საზოგადოების მოთხოვნილებებმა და მისწრაფებებმა, ბიძგი მისცა რიგი პროცესების დაწყებას, რომელთა განვითრებამაც დიდი ცვლილებები მოუტანა ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს. „ახალი საზოგადოების“ ერთ–ერთ ასეთ მისწრაფებას, წარმოადგენდა ახალი გმირის შექმნა: დემოკრატიის ცნების გადააზრება, გმირის იდეით შეპყრობილ მასებს განთავისუფლებას ჰპირდებოდა, თუმცა, განთავისუფლებას არა გმირისაგან, არამედ გმირის იმ მახასიათებლებისაგან, რომლებიც კონსიუმერული საზოგადოებისათვის უკვე საჭირო აღარ იყო. ანტიკური ხანის გმირები ვეღარ იდგებოდნენ მასებზე მაღლა. ისინი უნდა დამსგავსებოდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს. საჭირო იყო გმირის გადაქცევა “ჩვენს სახედ და ხატად”. შესაბამისად, საჭირო გახდა ეპოქის შესაფერისი ახალი გმირის დაბადება, რომელსაც არა დიდებული მგოსანი, არამედ თვით მასა გამოძერწავდა. ასეთ გმირს საზოგადოებამ „სელებრითი“ (ვარსკვლავი, ცნობადი სახე) უწოდა. ამ ახალი, „ვარსკვლავური“ კულტურის დაბადებაზე მეტყველებს მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის, ენდი უორჰოლის (1928–1987) შემოქმედება, რომელიც იმავდროულად, ქმნის კიდეც აღნიშნული კულტურის ქვაკუთხედს. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებით, მართებული იქნება რამდენიმე სიტყვა ითქვას მხატვრის ბიოგრაფის შესახებ.
მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი და ამერიკული პოპ-არტის ცენტრალური ფიგურა ენდრიუ ვარჰოლა (სურ.1), მოგვიანებით ცნობილი, როგორც ენდი უორჰოლი, დაიბადა 1928 წლის 6 აგვისტოს, სლოვაკელი ემიგრანტების ოჯახში, პიტსბურგში (პენსილვანიის შტატი, აშშ). გარემოსგან იზოლირებულად გატარებული ბავშვობის წლებისა და კარნეგის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში განათლების მიღების შემდეგ, უორჰოლმა ცხოვრების ახალ ეტაპი ნიუ-იორკში გადასვლით დაიწყო. სწორედ ამ ქალაქთანაა დაკავშირებული ხელოვანის წარმატებული კარიერის დასაწყისი. სარეკლამო ბიზნესში ილუსტრატორად მუშაობის დაწყებიდან უმოკლეს დროში, მან გრანდიოზულ წარმატებას მიაღწია, რაც რამდენიმე ფაქტორთან იყო დაკავშირებული, უპირველეს ყოვლისა, კი „ადამიანის ბრენდინგის“ ფაქტორთან.
უორჰოლმა, პირველმა წამოიწყო „ადამინის ბრენდინგის“ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. პირველ რიგში, მან საკუთარი თავისგან შექმნა ბრენდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა მსოფლიოში. ენდი უორჰოლის, როგორც “ბრენდის” გასაგებად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი მრავალფეროვანი როლების უწყვეტი ურთიერთქმედების ეფექტი: იგი ითავსებდა მხატვრის, კინოპროდიუსერის, ფოტოგრაფის, მწერლის, ტელეწამყვანის, ბიზნესმენის როლებს, რამაც საბოლოო ჯამში განსაზღვრა კიდეც მისი, როგორც ბრენდის სახე ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა კონტექსტში და გააფართოვა უორჰოლის, როგორც ვარსკვლავის ცნობადობა მასკულტურაში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვანის დიდი წარმატება არ შეიძლება მხოლოდ ზემოთ ხსენებული ფაქტორით განისაზღვროს. ენდი უროჰოლმა, როგორც პოპ-არტის მიმდინარეობის უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, ზღვარი წაშალა „ელიტარულ ხელოვნებასა“ და კომერციულ, მასობრივ წარმოებას შორის, რითაც მოახდინა ხელოვნების დემოკრატიზაცია და დასაბამი დაუდო ვიზუალური კულტურის ახლებურად გადააზრებასა და გაგებას.
დღეისათვის, უორჰოლის შემოქმედების შესახებ უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთაგან მეტად საყურადღებოა „ვარსკვლავური კულტურის“ თემებზე შექმნილი მხატვრის ნამუშევართა ანალიზი, რომლებიც განსაკუთრებით 1960–იან წლებიდან იჩენს თავს–იმ დროიდან, როდესაც უორჰოლი შემოქმედებითი კარიერის მწვერვალს აღწევს. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში მხატვარი ქმნის ცნობილი ადამიანების პორტრეტების სერიას, რომელთაგან გამორჩეულია: “მერლინის დიპტიხი” (სურ.2); “ოქროს მერლინ მონრო” (სურ.3) (ორივე შეიქმნა 1962 წელს – მერლინ მონროს გარდაცვალების შემდეგ); “ჯეკი კენედის ექვსი პორტრეტი”(სურ.4) (1963 წელი – შექმნილია ჟაკლინ კენედის მეუღლის, პრეზიდენტ ჯონ კენედის გარდაცვალების შემდეგ) და ლიზი (სურ.5) (შეიქმნა 1963 წელს, როდესაც ენდიმ შეიტყო ელიზაბეთ ტეილორის ავადმყოფობის შესახებ). უორჰოლის მიერ პორტრეტების ამ სერიისათვის პერსონაჟების შერჩევა, კარგად გააზრებული არტისტული სტრატეგია იყო, რომელიც უშუალო კავშირში იყო იმ პერიოდის დასავლეთში მიმდინარე მოვლენებთან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, უორჰოლის თითოეული „ვარკვლავური ხატი“ უშუალოდ ეხმიანება სიკვდილის თემას, რადგანაც, მისი შესრულებული „სელებრითების“ პორტრეტები, მათი გარდაცვალების შემდეგაა შექმნილი. ხელოვანი ხვდებოდა, რომ ამ „გმირების“ განდიდება მასებში, სწორედ მაშინ აღწევდა აპოგეას, როდესაც ისინი სიკვდილთან იყვნენ ასოცირებული, რადგანაც მისივე სიტყვებით „სიკვდილს ნამდვილად შეუძლია ვარსკვლავად აქციოს ადამიანი“. უორჰოლის „სელებრითულ“ პორტრეტებში, რომლებსაც ხშირად ბიზანტიურ ხატებსაც ადარებენ, მკაფიოდ იკითხება დიდებისა და სიკვდილის კვეთის თემა. უორჰოლმა „ახალი გმირი“ უკვდავი ანტიკური გმირებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგში ჩააყენა და ასე აღბეჭდა თავის ხელოვნებაში. „გმირის“ მოკვდაობის უორჰოლისეური ხედვა შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი დაბადებიდან ცდილობს შეეწინააღმდეგოს სიკვდილის კონსტატაციას სხვადსხვა მედიუმის საშუალებით, რომლებიც მის ვიზუალურ განსხეულებას ახდენენ (ნიღბები აბორიგენულ კულტურებში, მიცვალებულთა სტელები ანტიკურ სამყაროში, ეფიგიები შუა საუკუნეებში და სხვა.). თანამედროვე სამყაროში ასეთი ყველაზე შთამბეჭდავი მედიუმი ფოტოგრაფიაა, რომელმაც თითქოს თანდათან მოახდინა სიკვდილის რელიგიურ–რიტუალური ინსცენირების ჩანაცვლება. როგორც როლან ბარტი აღნიშნავს, ფოტოგრაფია „გახდა ადგილი, სადაც სიკვდილმა გადაინაცვლა“. [Barthes, 1981:15] (სურ.6) უორჰოლი, შესანიშნავად აცნობიერებს ფოტოგრაფიის ამ „საკრალურ“ მნიშვნელობას და ახდენს ვარსკვლავის ფოტოსურათის მულტიპლიცირებას, რომელიც ხელოვნების ნიმუშადაა გარდაქმნილი. მის მიერ შექმნილი ყოველი ასეთი „სელებრითი“ გმირის ხატება, მაქსიმალურად განზოგადებული ნაკვთებითა და სახასიათო ნიშნებით გამოირჩევა. ამ მხრივ, უორჰოლის „გმირები“ თითქოს მსგავსებას ავლენენ ანტიკურ გმირებთან, რომელთა სკულპტურული გამოსახულებები პროპორციულად სრულყოფილი და განზოგადოებულია. განმასხვავებელ სახასიათო ნიშნებად კი, შეგვიძლია მივიჩნიოთ მათი ვინაობის განმსაზღვრელი რომელიმე კონკრეტული დეტალი (მაგ. ჰერაკლეს შემთხვევაში ტყავის მოსასხამითურთ გამოსახვა). (სურ.7) ამ უორჰოლისეულ იკონოგრაფიაში, ვაწყდებით მეტად საინტერესო ფაქტს, რომლის განხილვა ერთი კონკრეტული მაგალითის საშუალებით შეიძლება: მერლინ მონრო, თანამედროვე პოპ–კულტურის დიდი ვარსკვლავი, ყველგან არის გამოსახული, მაგრამ რეალური ცხოვრებიდან გამქრალია: მას ვხედავთ ფილმებში, წიგნებში, პლაკატებზე, კედლებზე და მისი ყოველი მომდევნო ხილვა, თითქოს ფარავს მისი ფიზიკური არყოფნის ფაქტს.
ენდი უორჰოლი, თავისი „სელებრითული ხატებით,“ დასცინის „ახალი გმირის“ ეფემერულობაზე გალაშქრების იდეას (რადგანაც იცის, რომ ეს ამაოა) და ამავდროულად შეცდომაშიც შეყავს საზოგადოება, რადგან, მისი დაცინვის ასეთი ხერხი, კოდირებულია. შემოქმედის ეს ირონიული დამოკიდებულება ასახვის საგნისადმი, იგრძნობა თითოეულ ასეთ პორტრეტში, რომლებიც ფარულად ღაღადებენ სიცოცხლის წარმავალობას და ამით ერთგვარად უპირისპირდებიან აღმოსავლურ ქრისტიანულ ხატებს (რომლებსაც ასე ხშირად ადრებენ) და მათში განსხეულებულ უკვდავობის იდეას.
ამერიკელი ხელოვანის მიერ შექმნილ „ახალი გმირების ხატებებში“ ხშირად ვაწყდებით პორტრეტების მრავალჯერად განმეორებას. უორჰოლის შემოქმედებაში გამოსახულებათა განმეორების კონცეფციის გასაგებად, ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე, ჰალ ფოსტერი გვთავაზობს უორჰოლიანური პერსონის ერთ–ერთ დევიზს – „მე მინდა ვიყო მანქანა“. ფოსტერის აზრით, უორჰოლის ეს ფრაზა უკავშირდება მისსავე სურვილს, დაემსგავსოს შიშის ობიექტს და ამ საშუალებით, თავიც დაიცვას მისგან (Foster, 1996). (სურ.8) როგორც უორჰოლმა ერთ–ერთი ინტერვიუში აღნიშნა, იგი ოცი წლის განმავლობაში, ყოველდღე ერთსა და იმავე საკვებს მიირთმევდა და ამგვარი განმეორებითი აქტი ეხებოდა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ყოფით რიტუალს, არამედ მთელ მის ცხოვრებასაც. მხატვრის აკვიატებული ინტერესი სხვადასხვა ყოფითი საგნების მიმართ და მათი დაუსრულებელი შეგროვება და შენახვა, შესაძლებელია დავუკავშიროთ მის მიერ რეალური სინამდვილის გამძაფრებულ აღქმასა და აქედან გამომდინარე, მუდმივ დაძაბულობას, რომელიც მას ყოველდღიური ცხოვრების რუტინული რიტუალიზაციისაკენ უბიძგებდა. ასეთი განმეორებით იღებდა და ურიგდებოდა იგი ჟამის წარმავალობას და ასე განმარტავდა ამ პროცესს: „მე არ მსურს არსებითად იგივე. მე მსურს ზუსტად იგივე, რადგანაც რაც უფრო ხშირად უყურებ ერთსა და იმავეს, მით უფრო მეტად კარგავს ის მნიშვნელობას, შესაბამისად შენც უფრო კარგად და ცარიელად გრძნობ თავს“. უორჰოლის ეს ცხოვრებისეული კრედო, თვალსაჩინოდაა ილუსტრირებული მის შემოქმედებაში. თავის ნამუშევრებში „ახალი გმირების“ პორტრეტების ხშირი განმეორებით, იგი არა მხოლოდ აღადგენდა, არამედ აფიქსირებდა კიდევაც თითოეული მათგანის ტრაგიკულ დასასრულს და „პოპ–კულტურის ასეთი კოდებით“ საზოგადოებას ტრამვის რეალური აღქმისაკენ უბიძგებდა. მხატვრის ამგვარ დამოკიდებულებას ხელოვნებისადმი, ჰალ ფოსტერი ვიზუალური კულტურის სუპერრეალიზმს უწოდებს, რომელიც ხელოვნებაში ფუნდამენტური იდეების ზედაპირის ჩაკეტვას და გარეგნულ ბალზამირებას ახდენს (Foster, 1996). სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება მხატვრის ნამუშევრების გაანალიზება და მათში ჩაწვდომა. ასე შეიძლება აიხსნას უორჰოლის ხელოვნება ახალი გმირების სიკვდილზე და სიცოცხლის წარმავალობაზე, რომელსაც იგი ასე ოსტატურად ნიღბავდა ლაღი და ფერადი კოლორიტით. უორჰოლი ეთამაშებოდა მაყურებელს, თუმცა სწორედ ამ სარკასტულ თამაშში იყო განსხეულებული მისი მთავარი გზავნილი: თანამედროვე საზოგადოების ზერელე, წარმავალი და მოჩვენებითი ღირებულებებით ნიშანდებული ყოფა.
თანადროული ამერიკული საზოგადოება, რომელსაც უორჰოლის შემოქმედება ვიზუალურ ხელოვნებაში კონსიუმერული კულტურის აყვავებად მიაჩნდა, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა: ნეგატიურ თემებზე შექმნილი ნამუშევრების დამახინჯებულ, დესტრუქციულ ხატოვანებას მიჩვეულ მნახველს, გაუჭირდა ლამაზი ფერებით შენიღბულ და ტრაფარეტული ბეჭვდით შექმნილ ნამუშევრებში, მხატვრის მიერ გადმოცემული მწარე რეალობის სწორი აღქმა.
ეს გამოწვეული იყო უორჰოლის მწვავე ინფექციური დაავდებით-ქუნთრუშათი
2 უორჰოლის სიყვარულს ვარსკვლავებისადმი, დიდი ისტორია ჰქონდა: იგი ბავშვობაში აგროვებდა ცნობილი ადამიანების ფოტოებს ავტოგრაფებით. მხატვრის ინტერესს ცნობილი ადამიანების მიმართ, თან ერთვოდა სურვილი, თავად გამხდარიყო ცნობილი პიროვნება. შესაბამისად, კარიერული წინსვლის საწყისი ეტაპიდანვე, მან ცადა და შეძლო კავშირები დაემყარებინა ნიუ-იორკის ელიტარულ ფენებთან: ბოჰემურ საზოგადოებასთან, ცნობილ ინტელექტუალებთან, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და შეძლებულ არისტოკრატებთან. საკუთარი თავის ბრენდინგის პარალელურად კი, ქმნიდა ახალ კულტურას, სადაც თვითონვე ხდებოდა „ახალი დროის გმირების“ შემოქმედი.
3 რ. ბარტი (1915–1980) იყო ფრანგი ლიტერატურის კრიტიკოსი, ლიტერატურისა და სოციალურ მეცნიერებათა თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი და სემიოტოლოგი. ბარტის ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ისეთ ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე, როგორებიცაა სტრუქტურალიზმი, სემიოლოგია, ეგზისტენციალიზმი, მარქსიზმი და პოსტსტრუქტურალიზმი.
ბიბლიოგრაფია:
- Barthes R. 1981, Camera Lucida : Reflection on Photography. New York : Hill and Wang.
- Brownlie D.; Hewer P.; Kerrigan F. 2011, Celebritisation ‘ as Human Branding. https://www.academia.edu/22086538/Warhol_Celebritisationas_Human_Branding
- Foster H. 1996, The Return of the Real, Chapter 5, 127, An October Book, The MIT Press Cambridge, Massachusetts, London, England
- Mamyia, C.J. 1992, Pop Art and Consumer Culture, Austin: University of Texas Press.
- Marshall D. 1997, Celebrity and Power: Fame in Contemporary Culture. University of Minnesota Press.
- McCracken, G. 1989, Who is the Celebrity Endorser? Cultural Foundations of the Endorsement Process. Journal of Consumer Research.
- Paglia C. 2012, Glittering Images. Pantheon Book Press.
- Swenson G.R. 1963, Interviews about What is Pop Art? https://www.artnews.com/artnews/news/top-ten-artnews-stories-the-first-word-on-pop-183/
ფოტოგრაფიული მასალის წყაროები:
– https://www.warhol.org/art-and-archives/
– https://revolverwarholgallery.com/
– https://en.wikipedia.org/wiki/Evelyn_McHale
– https://en.wikipedia.org/wiki/Farnese_Hercules
დანართი:
სურათი 1. Self-portrait with skull, ენდი უორჰოლი, 1977 წელი
სურათი 2. Marilyn Diptych, ენდი უორჰოლი, 1962 წელი
სურათი 3. Golden Marilyn Monroe, ენდი უორჰოლი, 1962 წელი
სურათი 4. Six Portraits of Jackie Kennedy, ენდი უორჰოლი, 1963 წელი
სურათი 5. Liz, ენდი უორჰოლი, 1963 წელი
სურათი 6. Suicide of Evelyn McHale, რობერტ უაილსი, 1947 წელი
სურათი 7. Farnese Hercules, ლისიპეს სკულპტურის ასლი გლიკონის ავტორობით, ახ.წ 216 წელი
სურათი 8. Skulls, ენდი უორჰოლი, 1976 წელი